კნუტ ჰამსუნი  - "შიმშილი"



    მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნორვეგიელმა მწერალმა, კნუტ ჰამსუნმა 1890 წელს გამოაქვეყნა რომანი სახელად "შიმშილი", რომლის ისტორია მისსავე გაღარიბებულ ცხოვრებაზეა დაფუძნებული. მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ახალგაზრდა მამაკაცის  გარშემო მიმდინარეობს, რომელიც ქრისტიანიას (დღევანდელი ოსლო) ქუჩებში "ნადირობს", განიცდის შინაგან წინააღმდეგობებს, ნაბიჯს დგამს არსებობასა და სიკვდილს შორის. ის ინარჩუნებს მაღალ იდეალებს, უარს ამბობს დახმარებაზე მაშინ, როდესაც  თავის გადასარჩენად ბრძოლა სჭირდება. იმედოვნებს, რომ საკუთარი ნაწერებით საარსებო მინიმუმს გამონახავს. მთხრობელი დაეხეტება, განსაკუთრებული შიმშილის წუთებში ხის ტოტებს ღეჭავს და ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, ცოტაოდენი საკვების მიღებისასაც კი გულისრევის გრძნობა ეუფლება. სასოწარკვეთილი დაეძებს საარსებო და სულიერ საზრდოს. დაკარგული და შეცდომაში შეყვანილი თავს არიდებს ადამიანებთან ურთიერთობას და ცდილობს იცხოვროს მარტომ, საკუთარ მოსაწყენ სამყაროში.
  
  წიგნის თემა შეუძლებელია იყოს უფრო ახლოს ადამიანთა ყოფასთან, ან ლიტერატურულ გრძნობასთან. "შიმშილის" წაკითხვა ბევრად მარტივი იქნებოდა როგორც ფსიქოლოგიური ნატურალიზმისა, რომელშიც მთავარი იდეა და სხეულის შიმშილი ჩახლართულად გავრცელდებოდა. ჰამსუნმა კარგად იცოდა ასეთი ყოფით გამოწვეული ტანჯვა და ტკივილი, ამიტომაც ის შეიძლება ავტობიოგრაფიულ რომანადაც ჩავთვალოთ. თუმცა ეს წიგნი ბევრად უფრო მეტია, მეტი ვიდრე თანამედროვეობის ბნელი მხარის კრიტიკა. ეს არის წიგნი, რომელიც აკრიტიკებს იმ სულისშემხუთველ ყოფას, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან. მთავარი გმირი არ არის საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, ის უბრალოდ არის კაცი, რომელსაც სტანჯავს ამაო, ფუჭი სიამაყის ავადმყოფობა. ზოგჯერ ის ხვდება კიდეც ამას და ამბობს: "შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისთვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო!". მაგრამ მისთვის მაინც პატიოსნებაა მთავარი, არ გადადის არასწორ გზაზე და ამიტომაც ურჩევნია გაუძლოს აუტანელ შიმშილს, ამიტომაც ცდილობს, რომ დამალოს საკუთარი გასაჭირი და სააშკარაოზე არ გამოიტანოს მისი იზოლირებული სამყარო. მასში ზოგჯერ იღვიძებს იმედი, მაგრამ ის მალევე ქრება, სასოწარკვეთილება და შიმშილი ისევ ბრუნდება, ხოლო მისი ცხოვრება აუტანელი ხდება.


    მთელი ეს რომანი გახვეულია  პერსონაჟის უცნაურობებსა და ხასიათში. მისი არგუმენტები საკუთარ თავთან ზოგჯერ სასაცილოდაც  გეჩვენება. მთელი წიგნი კი ამ აუტანელ ყოფას აღწერს, რომელშიც მგრძნობიარე ადამიანის წინააღმდეგობრივ სულიერ სამყაროს ვაწყდებით, რომლის ცხოვრებაშიც ხან იმედის სხივი ჩნდება, ხანაც ტანჯვა ორმაგდება. მთელი ეს ნაწარმოები შეეხება პატიოსნებასა და გადარჩენას შორის არჩევანს და იმას, თუ რა ზომამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი.

Comments