მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა - ბოჰუმილ ჰრაბალი

 ზეცა სულაც არ არის ჰუმანური ისევე, როგორც სიცოცხლე ჩემ ზევით, ჩემ ქვევით და ჩემში.

"მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა" ჩეხი  მწერლის,  ბოჰუმილ ჰრაბალის კალამს ეკუთვნის და ამ პატარა რომანს მის შემოქმედებაში  განსაკუთრებული ადგილი უკავია. წიგნში ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც  უკვე ოცდათხუთმეტი წელია ამ საქმითაა დაკავებული და რომელიც საკუთარ  თავს "ჩემდა უნებურად  განათლებულს" უწოდებს. წიგნის კითხვის დროს განსაკუთრებული გრძნობა გეუფლება, რადგანაც გრძნობ როგორ ხმაურობს ჰანტას მარტოობა...

"ვიღიმები, რადგანაც პორტფელში მიწყვია წიგნები, რომლებისგანაც მოველი, რომ დღეს საღამოს საკუთარი თავის შესახებ რამე ახალს შევიტყობ, იმას, რაც ჯერ არ ვიცი."

"ლაო-ძი ამბობდა, ამქვეყნად მხოლოდ ის ადამიანია მიბაძვის ღირსი, რომელმაც შეიცნო თავისი სირცხვილი და შეინარჩუნა თავისი სიდიადე..."

"როდესაც კარგ წიგნში ვიყურები და თან დაბეჭდილი სიტყვებისგან ვთავისუფლდები, სხვა არაფერი რჩება, გარდა არამატერიალური აზრებისა, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, ჰაერს ეყრდნობიან, ჰაერით იკვებებიან და ჰაერს უბრუნდებიან, რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ხომ ჰაერია, თან არსებობს, თან არა, როგორც წმინდა ზიარებისას სისხლი."
"ჭეშმარიტების შემცველი აზრები გარედან მოდის, ჩვენ გვერდით არსებობს ისე, როგორც ჯამში ჩაყრილი ატრია არსებობს."

"როცა ვკითხულობ, კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ და კამფეტივით ვწუწნი, დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამო, ვიდრე ალკოჰოლივით არ შეიწოვება ჩემში ამოკითხული ახალი აზრი და ეს იქამდე გრძელდება, სანამ წაკითხული მხოლოდ ტვინსა და გულს კი არა, ძარღვების გავლით უმცირეს კაპილარებსაც კი არ მიაღწევს."

"ზეცა ჰუმანური არ არის და არც ის ადამიანი შეიძლება იყოს ჰუმანური, რომელსაც ეს ასე ჰგონია."

"როცა ჩემს ჰიდრავლიკურ წნეხში მშვენიერ წიგნებს ვატარებდი და წნეხი ბოლო ფაზაზე გადადიოდა, ანუ ოცი ატმოსფეროს ძალით წნეხდა მათ, ადამიანის ძვლების მსხვრევის ხმა მესმოდა, თითქოს ხელის საფქვავში იფშვნებოდა წნეხში ჩაყრილი კლასიკოსების თავის ქალები და ძვლები, თითქოს თალმუდის ფრაზას ვატარებდი წნეხში: „ჩვენ ზეთისხილს ვგავართ, მხოლოდ დაწურვის შემდეგ გავცემთ იმ საუკეთესოს, რაც ჩვენში იმალება."

"მე რომელიც ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ბოლო თხუთმეტმა თაობამ წერა-კითხვა  იცის, იმისთვის ვკითხულობ, რომ კითხვისგან აღარასდროს დამეძინოს, რომ კითხვისგან  ციებ-ცხელება დამემართოს."

"მოწიწებითა  და აღფრთოვანებით მახსენდებოდა ჰეგელი, რომელიც მასწავლიდა, რომ ერთადერთი, რისაც შეიძლება ამქვეყნად შეგეშინდეს გახევების მდგომარეობაა, რომ მხოლოდ მომაკვდავი ფორმების უძრაობაა შიშის მომგვრელი."

"საერთოდ, მიყვარდა ბინდი, მხოლოდ ბინდში მიჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ შეიძლება რამე განსაკუთრებული მოხდეს; მოსაღამოვების შემდეგ, ბინდში, ყველაფერი უფრო ლამაზად გამოიყურება, ყველა ქუჩა, ყველა მოედანი, საღამოობით ხომ ყოველი ადამიანი,აი თავისთვის რომ მისეირნობს იასავით ლამაზია..."



Comments