"ტრამალის მგელი" - მხოლოდ შეშლილთათვის !



„ტრამალის მგელი“ - მხოლოდ შეშლილთათვის !
„ადამიანთა უმრავლესობას არ სურს წყალში შესვლა,მანამ ცურვას არ ისწავლის“
იყო და არა იყო რა,იყო ვინმე ჰარი,მეტსახელად ტრამალის მგელი.ორ ფეხზე იდგა,ტანთ სამოსი ეცვა და გარეგნობაც ადამიანისა ჰქონდა,მაგრამ,ასე იყო თუ ისე,მაინც ტრამალის მგელი გახლდათ. ბევრი რამ ისეთი ესწავლა,რისი სწავლაც მხოლოდ გამჭრიახი გონების
ადამიანს შეეძლო და მართლაც გონიერი კაცი ეთქმოდა,მაგრამ ის კი ვეღარ შეეთვისებინა,რომ ადამიანი საკუთარი თავით და ცხოვრებით ზოგჯერ კმაყოფილიც შეიძლება იყოს.


სწორედ ასეთი პიროვნება გახლდათ ჰარი ჰალერი - შეშლილი,რომელმაც ადამიანის დანიშნულების ძირითადი პრინციპი დაარღვია- „ჩვენი დანიშნულება ხომ ხმელეთზე ყოფნაა“
ოდესღაც,ჰარი ამ წესდებას მკაცრად იცავდა - მასაც გააჩნდა იდეალები,ამაღლებული გრძნობები,ზედმიწევნით იცავდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს,ყველაფერს ისეთნაირად იღებდა,როგორაადც დაახვედრეს : ამიტომ, ყოველგვარ ვითარებაში უაღრესად ზრდილობიან კაცად მოჩანდა,ეს კი გაუჭირდებოდა,ზნე-ჩვეულებათა საფუძველს რომ ჩაჰკვირვებოდა.
თუმცა,ერთ დღეს  ახალგაზრდა ჰარიმ შენიშნა კამკამა ზღვა.ბრჭყვიალა კენჭებმა და აღელვებულმა ტალღებმა ჰალერს ისე მოსჭრეს თვალი,რომ ცდუნებას აჰყვა და გადადგა პირველი ნაბიჯი არაცნობიერში. რა თქმა უნდა,საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო,ამიტომაც,ჰარი ჰალერი სამუდამოდ გაირიყა  საზოგადოებისგან.
ასე გახდა იგი შეშლილი,ეული ტრამალის მგელი,რომელმაც იგრძნო წარსული იდეალების უაზრობა და დრომოჭმული ტრადიციების სტერეოტიზმი.
საუბედუროს,ეს ყველაფერი მხოლოდ წვეთი იყო წყალში.
უშველებელი ტალღების ნაკადმა ჰარი აიტაცა და აგემა ყოველგვარი ტანჯვა.ყოველივე ეს კი გამოწვეული იყო არაცნობიერის შეცნობის მწველი სურვილით.
ამგვარად,ტრამალის მგელმა ირეალურ სამყაროში გადაინაცვლა და ყოველდღიურად წყვეტდა იმ ძაფებს,რომელიც რეალურ სამყაროსთან აკავშირებდა.
რეალურ სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის ჰარი ჰალერის ჩანაწერები შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს - მას ხომ აქვს შესაძლებლობა იყოს მაგიური თეატრის სტუმარი, რომელშიც „ყველას არ შეესვლება!“
თუმცა,თეატრის უგუნურად გამოყენებისთვის ჰარი ჰალერს,ისევე როგორც ყველას არ ასცდება სასჯელი,ანუ ის,რისიც ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია.ჰალერის შემთხვევაში ეს სასჯელი მარადიული სიცოცხლე გახლდათ...

ასე ცხოვრობდა ტრამალის მგელი,ოცდაათიოდე წლის მამაკაცი,რომელსაც გააჩნდა უნარი დროის სივრცედ გადაქცევისა,უნარი რეალურ და ირეალურ სამყაროში არსებობისა.

Comments