ფინჩების ოჯახი ანუ ყველაზე ჰუმანური წიგნი

‘’ნუ მოკლავ ჯაფარას’’ პირველად ორი წლის წინ წავიკითხე. ორ წიგნად გამოცემული, გახუნებულყდიანი ნაწარმოები, რა თქმა უნდა, არ მიიქცევს ადამიანის ყურადღებას, მაგრამ კარგმა მკითხველმა იცის, რომ წიგნის ყდის მიხედვით შეფასება თითქმის არასდროს აღმოჩნდება ხოლმე სწორი.

  ჰარპერ ლიმ ამ ლამაზ წიგნს ეპიგრაფად ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჩარლზ ლემის სიტყვები წაუმძღვარა - ‘’ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო’’.  ეს ფრაზა წიგნის ფინალის წაკითხვის შემდეგ თითქოს მეტად გასაგები ხდება. ატიკუს ფინჩიც ხომ ერთ დროს ბავშვი იყო, ისიც სამყაროს ბავშვური საზომებით ზომავდა და ვერ ხედავდა რა იმალებოდა  ზანგებსა და თეთრკანიანთა ცალ-ცალკე აშენებულ ეკლესიებს მიღმა. რა იცოდა პატარა ატიკუსმა, რამხელა უსამართლობას გადააწყდებოდა, როცა შეუძლებელ საქმეს მოკიდებდა ხელს: გადაწყვეტდა, დაეცვა ზანგი ტომ რობინსონი, რომელსაც თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებას უსამართლოდ აბრალებდნენ?
     არ შეგაშინოთ იმ ყველაფერმა,  რაც აქამდე ვთქვი ამ წიგნზე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ‘’ნუ მოკლავ ჯაფარას’’ ყველაზე ჰუმანურ წიგნადაა აღიარებული. მიზეზი ისაა, რომ ამგვარ მძიმე ამბავს, ’’მურიანებად’’ წოდებული ხალხის საზოგადოებისგან გარიყვას აფერადებს წიგნის მთხობელი, ექვსი წლის ლუიზა ფინჩი, რომელიც ძმასთან ერთად გადამხდარ თავგადასავლებზე გვიყვება. მკითხველი ჭყიტას ( როგორც ლუიზას მამა უწოდებს), ჯემსა და მათ მეგობარ დილს აღტაცებით მიჰყვება თავგადასავლებში, მათთან ერთად დადის სკოლაში და ჩუმად მიიპარება მეზობლად მცხოვრები იდუმალი მეზობლის, რედლი-ბუას სახლთან.
     წიგნი თავისი დინამიურობით არ აძლევს მკითხველს მოდუნების საშუალებას,  ატიკუსი  არა მხოლოდ საკუთარ შვილებს არიგებს, არამედ ჩვენც გვასწავლის ადამიანურობას, მამაცობას, თავმდაბლობასა და ადამიანის გაგებას. ‘’ადამიანს ვერასოდეს ვერ გაუგებ, თუ არ შეეცდები, მისი თვალით შეხედო გარემოს, ესე იგი, უნდა შეეცადო, რომ მის ტყავში ჩაძვრე, მერე კი ასე ცოტა გაიარ-გამოიარო’’.



    ეს მართლაც ადამიანური წიგნი გვიჩვენებს გზებს, რომლებსაც ერთ ნიშნულამდე მივყავართ - ერთმანეთის სიყვარულისკენ. ჰარპერს წერისას, ვფიქრობ, სწორედ ეს მიზანი ჰქონდა - მოეწოდებინა ადამიანთათვის, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ, კარგი თვისებები ეპოვნათ ერთურთში და ამ თვისებებს ჩასჭიდებოდნენ.
     ‘’ატიკუსმა საბანი ნიკაპამდე ამიწია და კარგად ჩამფუთნა, საბნის კიდეებიც კი შემომიკეცა.
- ადამიანების უმრავლესობა ასეთივე კარგია, როცა ახლოს გაიცნობ, ჭყიტა’’.


°•ალან პო

Comments