თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017


25, 26, 27 და 28 მაისს, ისევე როგორც აგერ უკვე მეცხრამეტედ, წელსაც იმართება თბილისის  წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ექსპოჯორჯიაში. იმის მიუხედავად რომ ადრეც საკმაოდ დიდი ფასდაკლებები თუ არჩევანი იყო, წლევანდელი ფესტივალი ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულად კარგი გამოდგა.შესაბამისად ხალხის რაოდენობაც
ბევრად დიდი იყო, რაც სიმჭიდროვის მიუხედავად საკმაოდ სასიამოვნო იყო. თურმე რამდენი მკითხველი ყოფილა , რომლებშიც სხვათაშორის ახალგაზრდობა ჭარბობს კიდეც!
წლევანდელი ფესტივალი საინტერესო ღონისძიებებითაც გამოირჩევა, რომლებსაც ბევრად მეტი დამსწრე და მსმენელი ჰყავდა, ვიდრე წინა წლებში. მკითხველბს შეუძლიათ შეხვდნენ საყვარელი წიგნების ავტორებს და მოუსმინონ ახლადგამოცეული ნაწარმოებებისა თუ თარგმანების საინტერესო განხილვებს.
იმდენად დიდი არჩევანია, საკმაოდ რთულია აარჩიო წიგნები, ყველა თავისი ყდით, ავტორითა თუ ფასეულობით თავისკნ გიტყუებს. თუმცა ,რაღა თქმა უნდა ,ყველას ვერ იყიდი. შემოგთავაზებთ რამოდენიმე წიგნს, რომელიც, ვფიქრობ,აუცილებლად უნდა შეიძინოთ:

1) ფრანც კაფკა - "გარდასახვა" (მეტამორფოზა)
კაფკას საყოველთაოდ აღიარებული შედევრი, რომელის ტირაჟიც კარგა ხანია ამოწურული იყო და წელს გამომცემლობა "Ochosbooks"-მა თავიდან გამოსცა ახალი თარგმანით. "გარდასახვის" მთავარი გმირი გრეგორ ზამზაა, რომელიც ერთ დღესაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს რომ უზარმაზარ, საზიზღარ მწერად ქცეულა...


2) ჯ.კ. როულინგი-"ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი"
ჰარი პოტერის მერვე ნაწილი 2016 წლის ივლისში გამოიცა და გამოსვლიდან 1 კვირაში უკვე მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ფესტივალზე კი პოტერიადის ფანებს უკვე ქართულადაც შეეძლებათ წიგნის შეძენა.მკითხველი კიდევ ერთხელ ესტუმრება ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც ჰარი უკვე დიდ და გამოცდილ მამაკაცად, მაგიის სამინისტროს თანამშრომლად და სამი შვილის მამად მოგვევლინება.

3) პატრიკ რუტფუსი - " ბრძენკაცის შიში II"
ქართველი ფენტეზის მოყვარულების ალბათ ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოების - "მეფის მკვლელის ქრონიკების" რიგით მეორე წიგნის "ბრძენკაცის შიშის" მეორე ნაწილიც გამოვიდა და შეგიძლიათ შეიძინოთ ფესტივალზე! წინ ქვოს თავგადასავლის ძალიან საინტერესო და დაძაბული გაგრძელება გელით.

4) ვიქტორ პელევინი - "ჩაპაევი და სიცარიელე"
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერია "ლიტერატურულ ოდისეას" ვიქტორ პელევინის "ჩაპავეი და სიცარიელეც" შეემატა. წიგნი ავტორის სიტყვებით, მსოფლიო ლიტერატურაში ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც აბსოლუტურ სიცარიელეში ვითარდება. სიუჟეტი ერთდროულად ორ დროში მიმდინარეობს - ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და თანამედროვე რუსეთში. პოსტრევოლუციურ რუსეთში პუსტატა დეკადენტი პოეტია, რომელიც კომისრის მოვალეობას ასრულებს. ამ პერიოდში ის ხვდება უცნაურ კაცს, სახელად ჩაპაევს. კომისარი, რომლის ცხოვრებამაც მოულოდნელი გზისკენ გადაუხვია, მთელ დღეებს სამაგონის სმაში, ნარკოტიკებით თრობაში და ჩაპაევთან ცხოვრებაზე საუბარში ატარებს.

5) ანატოლ ფრანსი - "პინგვინთა კუნძული"
ანატოლ ფრანსის მოყვარულებს დარწმუნებული ვარ ჩემსავით გაგახარებთ "პინგვინთა კუნძულის" სტენდზე დანახვა,რომელიც ავტორის  ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, სადაც ყველაზე სრულყოფილად გამოჩნდა მწერლის მხატვრული სიტყვის ძალა და თავისებურება. რომანში მძაფრი სატირით არის აღწერილი მსოფლიოს და კერძოდ საფრანგეთის ცივილიზაციის ისტორია. წიგნი ადრეც იყო გამოცემული ქართულ ენაზე, თუმცა განახლებული ტირაჟით ისევ "Ochosbooksმა" გაგვახარა.



6)ზეიდი სმითი-"თეთრი კბილები"
"თეთრი კბილები" 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს
".ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე "თეთრი კბილებით", დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება" განაცხადა წიგნზე სალმან რუშდიმ.


7)ირვინ უელში - "ჩხერკეთელაობა"
90-იანი წლების საკულტო წიგნი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანების შეულამაზებელი ამბებია მოთხრობილი, ემოციური და პროვოკაციულია. ცნობილია, რომ ავტორი თვითონაც მოიხმარდა ნარკოტიკებს, რამაც დიდწილად განაპირობა რომანის დამაჯერებლობა. წიგნში მოთხრობილია 20-30 წლამდე ოთხი ბიჭის საზარელი ცხოვრება და მათი განწირული ბრძოლა თვითგადარჩენისათვის.






Comments