ჯონ სტაინბეკი სიყვარულზე ( წერილი შვილს )

       
 
 



   1958 წელს ამერიკელმა მწერალმა, ნობელის პრემის ლაურეატმა ჯონ სტაინბეკმა უფროსი შვილისგან მიიღო წერილი. მოზარდი წერდა, რომ  სკოლის მეგობარი, სიუზენი შეუყვარდა. მწერალმა შვილს ძალიან ბრძნული პასუხი გაუგზავნა. 
   
      წერილი არა მხოლოდ მაგალითია  ძვირფასი და მოსიყვარულე ურთიერთობის შვილის მიმართ, არამედ ეს არის გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ყოფილა ან არის შეყვარებული.







           ძვირფასო ჯონ,


    მე და დედამ დღეს დილით მივიღეთ შენი წერილი. მე გიზიარებ ჩემს აზრებს და რა თქმა უნდა, ელეინიც თავის აზრს მოგწერს.

 პირველ რიგში გეტყვი, რომ თუ შეყვარებული ხარ - ეს ძალიან კარგია. მეტიც, ეს არის საუკეთესო რამ რაც შეიძლება ადამიანის თავს გადახდეს. არავის მისცე უფლება დაამდაბლოს შენი სიყვარული, ან დასცინოს მას.


მეორეც - არსებობს ორი სახის სიყვარული. ერთი - თავისთავზე შეყვარებული, ძუნწი, ხარბი და ეგოისტური, როდესაც ადამიანები იყენებენ ერთმანეთს, რათა ასიამოვნონ საკუთარ თავმოყვარეობას. ეს არის ავადმყოფური სიყვარული. არსებობს მეორე სახის სიყვარულიც , რომელიც ააშკარავებს შენში ყველაფერ კარგს - სიკეთეს, მზრუნველობასა და პატივისცემას. არ ვგულისხმობ მხოლოდ ზრდილობას, არამედ ღრმა პატივისცემას, როდესაც სხვა ადამიანში აღიარებ უნიკალურ, ღირებულ პიროვნებას. 

ერთ სიყვარულს შეუძლია შენი თავი გაგრძნობინოს უბედურად, პატარად და სუსტად, მეორეს კი შეუძლია აღმოგაჩენინოს შენს თავში ძალა, გამბედაობა, სულგრძელობა და სიბრძნეც კი. შენ აბობ, რომ შენი სიყვარული ბავშური არ არის, თუ მართლაც ასეა და შენი გრძნობა ღრმა და ნამდვილია - მაშინ ეს მართლაც არ არის ბავშვური გატაცება.


ვფიქრობ, რომ სულაც არ გინდოდა შენს გრძნობებზე მელაპარაკა. მათ შესახებ შენ უფრო კარგად იცი. შენ გინდოდა, რომ მეკარნახა რა გაგეკეთებინა, აქ კი ნამდვილად შემიძლია დაგეხმარო. 

პირველ რიგში - ისიამოვნე,  იბედნიერე შენი სიყვარულით, იყავი მადლობელი, რომ მოგეცა საშუალება გამოგეცადა ეს გრძნობა.  




სიყვარულის ობიექტი - საუკეთესო და ყველაზე ლამაზი რამ არის, რაც კი შეიძლება სამყაროში არსებობდეს. ეცადე მას შეესაბამებოდე.  როდესაც ვიღაც გიყვარს, ყველაზე რთულია თქვა ამის შესახებ. შენ ვალდებული ხარ გახსოვდეს, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალიან მორცხვია. ამიტომ უნდა იყო ძალიან ფრთხილი და რბილი, რათა გული არ ატკინო მათ.


      გოგონებს შეუძლიათ სიტყვების გარეშე გაუგონ შენს გრძნობებს, მაგრამ მათ სურთ, რომ ამის შესახებ თქვა ხმამაღლა. ხანდახან ხდება ისეც, რომ ჩვენი სიყვარული ცალმხრივია, მაგრამ ეს არ ხდის მას ნაკლებად ღირებულს და ნამდვილს. 

საბოლოოდ კი გეტყვი - კარგად მესმის რაც ახლა შენს სულში ხდება, რადგან მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობ და მე ბედნიერი ვარ, რომ ახლა უკვე შენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა.


      არ შეგეშინდეს შენ სიყვარულის დაკარგვის, თუ ის ნამდვილია, არსად გაქრება. მთავარია არ იჩქარო. საუკეთესო სამუდამოდ ჩვენთან რჩება.















Comments